EXPERTS FOR SOLUTIONS-სა და GIPA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა





საკონსულტაციო კომპანიას EXPERTS FOR SOLUTIONS და ,,საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. შეთანხმების მიზანი სტუდენტებისათვის პრაქტიკული ცოდნის მიღების ხელშეწყობაა. 

საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში, GIPA-ს პროფესიული პროგრამის „შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების“ სტუდენტები გაეცნობიან ყველა იმ მნიშვნელოვან სტანდარტს, რომლის დანერგვაც აუცილებელია  შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და პროფესიული ჯანდაცვის მიმართულებით.

„კომპანია დაარსების დღიდან მხარს უჭერს ტექნიკური მიმართულების სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებასა და დასაქმებას, როგორც შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის, ასევე მშენებლობის ხარისხის კონტროლის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან“ თანამშრომლობის გაღრმავება. დარწმუნებულები ვართ, პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისთვის დადებითი შედეგების მომტანი იქნება,“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ნოდარ მიქაძემ.

მისი განმარტებით, კომპანია დინამიურად განაგრძობს საკითხზე მუშაობას და GIPA-ს სტუდენტებისთვის არაერთ სასარგებლო აქტივობას მოიაზრებს. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მემორანდუმის გაფორმება, ვინაიდან საწარმოო პრაქტიკა, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ EXPERTS FOR SOLUTIONS-ის მასშტაბურ პროექტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ერთგვარი შანსიც, დასაქმდნენ და ჩამოყალიბდნენ მაღალი რანგის ექსპერტებად,“- აღნიშნა GIPA-ს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელმა ნანა ქაშაკაშვილმა.

EXPERTS FOR SOLUTIONS-ი მომავალშიც განაგრძობს ახალი ტალანტების მხარდაჭერას. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით,  2023 წლის გეგმებში პრიორიტეტული პოზიციები უჭირავს პროფესიული ტრენინგების განვითარებასა და საველე პირობებში სტუდენტთა გადამზადების მიმართულებებს.

გამოცდილების გაზიარება EXPERTS FOR SOLUTIONS-ის ღირებულებების მთავარი ელემენტია. ბრენდის საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. EXPERTS FOR SOLUTIONS-ი ასევე პოზიციონირებს სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების მიმართულებით.


Latest posts