საქართველოში სამშენებლო სექტორი ბოლო წლებში განსაკუთრებული ტემპით ვითარდება. ახალი საცხოვრებელი კომპლექსები, ინფრასტრუქტურული პროექტები თუ კომერციული ობიექტები ერთმანეთს სწრაფად ენაცვლება. ბუნებრივია, ამ პროცესს თან ახლავს სერიოზული გამოწვევა ნარჩენების მართვის მიმართულებით, რადგან დაგროვილი მასის მოცულობა წელიწადში 2 მილიონ ტონას აჭარბებს. მიუხედავად ასეთი მასშტაბებისა, სამშენებლო ნარჩენების მართვა და შესაბამისი ორგანიზებული სისტემა ქვეყანაში ჯერჯერობით ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის.
თავის მხრივ, სამშენებლო ნარჩენები მოიცავს შენობა-ნაგებობების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის პროცესში წარმოქმნილ ისეთ მასალებს, როგორებიცაა: ბეტონი, აგური, მიწის სამუშაოების შედეგად ამოღებული მიწაც. სამშენებლო ნარჩენია ხე, მეტალი, მინა, პლასტიკი და სხვა. ნარჩენების მართვის კოდექსი აღნიშნულ მასალებს ძირითადად ინერტულ კატეგორიას მიაკუთვნებს. შესაბამისად, ისინი არ განიცდიან მნიშვნელოვან ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებებს და არ შედიან ისეთ რეაქციაში, რომელიც ნიადაგს ან წყალს პირდაპირ დააბინძურებს. მიუხედავად ამისა, ინერტულობა უვნებლობის გარანტია ნამდვილად არ არის, რადგან მსგავსი ნივთიერებების უკონტროლო განთავსება ტერიტორიებს მაინც აზიანებს, აზბესტის ტიპის მასალები კი პირდაპირ სახიფათო კატეგორიაში ხვდება.
სამშენებლო ნარჩენების მართვა საქართველოში
ეროვნული სტრატეგიის მონაცემებზე დაყრდნობით, სანგრევი თუ სამშენებლო მასალების რეციკლირების პრაქტიკა საქართველოში სათანადოდ არ დანერგილა. ქვეყანაში სპეციალური ნაგავსაყრელები ფაქტობრივად არ არსებობს. დაგროვილი მასის გარკვეულ ნაწილს მუნიციპალიტეტები ამოვსებითი მიზნებისთვის იყენებენ, ნაწილი კი პირდაპირ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე ხვდება და საყოფაცხოვრებო ნაგავში ერევა. პარალელურად, უკონტროლო დანაგვიანება განსაკუთრებით თვალსაჩინოა სოფლებში, მდინარეთა ნაპირებსა და საავტომობილო გზაზე.
ამ ფონზე საყურადღებოა ევროკავშირის მაგალითი, სადაც მსგავსი მასალები მთლიანი ნაგვის მესამედზე მეტს იკავებს. ევროპული რეგულაციები ამ ნაკადის კონტროლს პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილავს. საქართველოც, თავის მხრივ, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ევროპულ მიდგომებს ეტაპობრივად უახლოვდება.
რა ვალდებულებები აქვთ კომპანიებს ნარჩენების მართვის მიმართულებით?
ნარჩენების მართვის კოდექსი კონკრეტულ ზღვრებს აწესებს იმის დასადგენად, თუ ვის ეკისრება სამშენებლო ობიექტებზე ნარჩენების მართვის გეგმის შეთანხმება. კოდექსის მიხედვით, იურიდიული და ფიზიკური პირი, რომლის საქმიანობის შედეგადაც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ან 400 ტონაზე მეტი ინერტული მასალა გროვდება, ვალდებულია, ნარჩენების მართვის გეგმა შეიმუშაოს. 120 კგ. სახიფათო დოკუმენტი სამინისტროს წარედგინება, სამ წელიწადში ერთხელ ახლდება და დეტალურ ინფორმაციას აგროვებს წარმოქმნილი სახეობების, რაოდენობისა და მათი დამუშავების მეთოდების შესახებ. 2028 წლამდე მოქმედებს გარდამავალი პერიოდი მოქმედებს, შემდეგ კი სახიფათო ნარჩენის ჭრილში ნებისმიერი რაოდენობის შესახებ იგივე წესი ამოქმედდება.
რა რისკები ახლავს გარემოსდაცვითი რეგულაციების მიმართ უყურადღებობას?
კანონმდებლობა გარემოს დანაგვიანებისთვის მკაფიო სანქციებს აწესებს. კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, 1 მ³ მოცულობის მასალით გარემოს დაბინძურება იურიდიულ პირს 2000 ლარით აჯარიმებს. 10-დან 50 კუბურ მეტრამდე მოცულობის შემთხვევაში, ფინანსური სანქცია 15 000 ლარს აღწევს, ხოლო 50-ზე მეტის დროს კი – 30 000 ლარს. ფულადი ჯარიმის გადახდის გარდა, დამრღვევი ვალდებულია დანაგვიანებული ტერიტორია სრულად დაასუფთავოს. განმეორებითი დარღვევისას თანხა ორმაგდება, დაცულ ტერიტორიებზე კი ოთხმაგდება.
დამატებით 5000 ლარიანი ჯარიმა ეკისრება კომპანიას, რომელიც ნარჩენების მართვის გეგმის გარეშე საქმიანობს. ფინანსური ზარალის მიღმა სერიოზული რეპუტაციული რისკიც იკვეთება, განსაკუთრებით იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებთან ან დონორ ორგანიზაციებთან გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობს.
სტრატეგიული მიმართულებები
ეროვნული სტრატეგია 2016-2030 და სამოქმედო გეგმა 2022-2026 ამ კუთხით კონკრეტულ ნაბიჯებს ითვალისწინებს. სტრატეგიის მე-13 მიზანი მოიცავს: შეგროვებისა და დამუშავების სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნას, მუნიციპალიტეტებისა და კერძო სექტორის გადამზადებას, ფინანსურ-ეკონომიკური სტიმულების გაჩენასა და ევროპული სტანდარტების დანერგვას. პარალელურად იგეგმება ბეტონის წარმოებაში მეორადი მასალების გამოყენების წესების შემუშავებაც, რაც გადამუშავების ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საწყისი ეტაპი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ რეციკლირების კონკრეტული მაჩვენებელი ჯერ დადგენილი არ არის, 2026 წლისთვის მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებამ 95%-ს უნდა მიაღწიოს, ხოლო ქაღალდის, მინისა და პლასტიკის 50%-ის რეციკლირება იგეგმება. შესაბამისად, ნარჩენების მართვა სწრაფად განვითარებადი სფეროა და კომპანიების ადრეული ჩართულობა მათ კონკურენტულ უპირატესობას მოუტანს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კოდექსი მართვის ხუთსაფეხურიან იერარქიას აყალიბებს: პრევენცია, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადება, რეციკლირება, სხვა სახის აღდგენა და განთავსება. ეს მიდგომა ევროკავშირის ჩარჩო დირექტივას ეფუძნება და გრძელვადიან პერსპექტივაში სამშენებლო სექტორზეც სრულად გავრცელდება.
რისი გაკეთება შეიძლება დღეს სამშენებლო ნარჩენების მართვის მიმართულებით?
პროცესის სწორად დაგეგმვა მხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნა არ არის. უპირველეს ყოვლისა, ნარჩენების სწორი მართვა უშუალო კავშირშია ისეთ საკითხებთან, როგორებიცაა გარემოსდაცვითი რისკების შეფასება და ეკოლოგიური ზიანის შემცირება. მასალების ზუსტი კლასიფიკაცია, სახიფათო ნივთიერებების განცალკევება, დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა და რეგისტრირებულ გადამზიდველებთან თანამშრომლობა ეფექტურად იცავს კომპანიას სანქციებისგან. უფრო მეტიც, ეს ყოველივე ბიზნესში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას განაპირობებს. რაც უფრო დროულად დაიწყებს კომპანია პროცესების მოწესრიგებას, მით ნაკლები იქნება შემდგომი ადაპტაციის ტვირთი მაშინ, როცა გარემოსდაცვითი რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაცია საკმაოდ შრომატევადია და პროფესიონალთა ჩართულობას მოითხოვს. საკონსულტაციო კომპანია “იეფესი” ბიზნესებს სთავაზობს სრულ მხარდაჭერას ნარჩენების მართვის გეგმის შედგენასა და რეგულაციების დაცვაში, რათა მათ თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი სანქციები. ვრცელ ინფორმაციას ჩვენ შესახებ, მათ შორის, გუნდის კვალიფიკაციასა და სამუშაო მიდგომებზე, ვებ-საიტზე შეგიძლიათ, გაეცნოთ. ეს დაინტერესებულ პირებს პროცესის სპეციფიკის უკეთ აღქმაში დაეხმარება.
GE
EN