საქართველოში ახალი საცხოვრებელი, კომერციული და ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მშენებლობის დაწყებამდე ერთ-ერთი პირველი ეტაპი მიწის ნაკვეთის ზუსტი შესწავლაა. სანამ ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყება, ნაკვეთის საზღვრების, რელიეფის, სიმაღლეთა ნიშნულებისა და არსებული ობიექტების მდებარეობის დადგენაა საჭირო. ამ მონაცემებზეა დამოკიდებული შენობის სწორ ადგილზე განთავსება და პროექტში გათვალისწინებული ნიშნულების დაცვა.
გეოდეზია ნიადაგის ან გრუნტის ფიზიკურ და მექანიკურ თვისებებს არ სწავლობს. ასეთი მონაცემების შესაფასებლად საინჟინრო-გეოლოგიური კვლევაა საჭირო. გეოდეზიური კვლევის მიზანი ტერიტორიის სივრცითი მდგომარეობის, რელიეფისა და ობიექტების ზუსტი მდებარეობის განსაზღვრაა.
რა არის გეოდეზიური მომსახურება და რას მოიცავს ის
გეოდეზიური მომსახურება მოიცავს მიწის ნაკვეთის აზომვას, კოორდინატების განსაზღვრას, სიმაღლეთა ნიშნულების დადგენას, რელიეფის აღწერასა და არსებული შენობების, გზებისა და საინჟინრო კომუნიკაციების დაფიქსირებას. ტოპოგრაფიულ გეგმაზე ასევე აისახება ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები შესაბამის საკადასტრო მონაცემებთან მიმართებით.
ამ ინფორმაციის საფუძველზე არქიტექტორი და ინჟინერი იღებენ პროექტირებისთვის საჭირო საწყის მონაცემებს. მაგალითად, რელიეფის ზუსტად ცოდნა საჭიროა შენობის განთავსების, მისასვლელი გზების, ეზოს დაგეგმარებისა და სანიაღვრე სისტემის დასაპროექტებლად. ამ ნაწილში განსაკუთრებით კარგად ჩანს გეოდეზიური მომსახურების მნიშვნელობა, რადგან არასწორი სიმაღლის ან კოორდინატის დაფიქსირებამ პროექტის შემდგომ ეტაპებზე დამატებითი სამუშაოების საჭიროება შეიძლება, შექმნას.
ტოპოგრაფიული გეგმა მნიშვნელოვანია მაშინაც, როცა ტერიტორიაზე უკვე არსებობს შენობები, ღობეები, გზები ან საინჟინრო ქსელები. მათი ზუსტი მდებარეობის ცოდნა გვეხმარება, ახალი ობიექტი არსებული გარემოს გათვალისწინებით დაიგეგმოს და თავიდანვე დავინახოთ ის შეზღუდვები, რომლებმაც პროექტზე შეიძლება, გავლენა მოახდინოს.
რას მოიცავს გეოდეზიური აზომვითი სამუშაოები
გეოდეზიური აზომვითი სამუშაოები რამდენიმე ეტაპად შეიძლება, ჩატარდეს. წინასაპროექტო ეტაპზე მზადდება ტოპოგრაფიული გეგმა, რომელზეც დატანილია ტერიტორიის რელიეფი, სიმაღლეთა ნიშნულები, არსებული ნაგებობები და კომუნიკაციები.
ტოპოგრაფიული მონაცემებისა და საპროექტო ნიშნულების შედარებით შეიძლება მიწის სამუშაოების მოცულობის გამოთვლაც. ასე განისაზღვრება, დაახლოებით რამდენი გრუნტის ამოღება ან დამატება იქნება საჭირო ტერიტორიის მოსამზადებლად. ეს მონაცემი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული რელიეფის მქონე ნაკვეთებზე, სადაც საპროექტო და არსებული ნიშნულების სხვაობა შეიძლება, დიდი იყოს.
მშენებლობის დაწყებისას ტარდება დაკვალვის სამუშაოები. ამ პროცესში საპროექტო მონაცემები რეალურ სამშენებლო მოედანზე გადააქვთ და ადგილზე ფიქსირდება შენობის ძირითადი ღერძები, საძირკვლის მდებარეობა და შესაბამისი ნიშნულები. დაკვალვის სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შეცდომამ შეიძლება, შენობის პროექტით განსაზღვრული მდებარეობის ცვლილება გამოიწვიოს.
დაკვალვა მხოლოდ შენობის გარე კონტურის მონიშვნით არ შემოიფარგლება. პროექტისა და მშენებლობის ეტაპის მიხედვით შეიძლება, საჭირო გახდეს ცალკეული ღერძების, კონსტრუქციული ელემენტებისა და სიმაღლეთა ნიშნულების დამატებითი გადატანა. ამის გამო გეოდეზიური სპეციალისტის ჩართულობა მხოლოდ მშენებლობის პირველ დღეს არ სრულდება.
EFS-ის გეოდეზიური მომსახურება მოიცავს როგორც წინასაპროექტო აზომვებს, ისე მშენებლობის პროცესში საჭირო საინჟინრო გეოდეზიურ სამუშაოებს. კონკრეტული პროექტის მიხედვით სპეციალისტები მუშაობენ ტოპოგრაფიულ გეგმაზე, დაკვალვაზე, სიმაღლის ნიშნულებისა და სივრცითი პარამეტრების კონტროლზე, ასევე შესრულებული სამუშაოების გეოდეზიურ გადამოწმებაზე.
რისთვის არის საჭირო კონსტრუქციების აზომვითი ნახაზების შექმნა
მშენებლობის მიმდინარეობისას და გარკვეული ეტაპების დასრულების შემდეგ შეიძლება, საჭირო გახდეს კონსტრუქციების აზომვითი ნახაზების შექმნა. ასეთი აზომვები აჩვენებს, როგორია უკვე შესრულებული სამუშაოების რეალური მდებარეობა და რამდენად შეესაბამება ის საპროექტო მონაცემებს.
საშემსრულებლო აზომვა შეიძლება, მოიცავდეს შენობის კონტურს, ღერძებს, სიმაღლეთა ნიშნულებსა და ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების მდებარეობას. შესაბამის შემთხვევებში საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ანაზომი ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ნაწილიცაა. ამ მონაცემებით შეიძლება, შესრულებული სამუშაოს პროექტთან შედარება და შეუსაბამობის დროულად აღმოჩენა.
რა კავშირი აქვს გეოდეზიურ კვლევას სამშენებლო ნებართვასთან
მშენებლობის დაგეგმვისას საჭიროა გაირკვეს ნაკვეთის ფუნქციური ზონა, განაშენიანების პარამეტრები და ტერიტორიაზე მოქმედი შესაძლო შეზღუდვები. ამ საკითხებს მხოლოდ გეოდეზიური კვლევა არ განსაზღვრავს. სამართლებრივი და ქალაქთის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პირობები შესაბამისი დოკუმენტებისა და რეგულაციების მიხედვით მოწმდება.
გეოდეზიური კვლევა ამ პროცესისთვის ზუსტ სივრცით მონაცემებს იძლევა. ის აჩვენებს, სად მდებარეობს ნაკვეთი, როგორია მისი ფაქტობრივი მდგომარეობა და რა ობიექტებია მის გარშემო. ამიტომ პროექტის მომზადებისას გეოდეზიური და დოკუმენტური კვლევები ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა განსხვავებული ეტაპებია.
ასევე მნიშვნელოვანია გეოდეზიური და საინჟინრო გეოლოგიური კვლევების გამიჯვნა. სიმაღლეთა ნიშნულების არასწორმა განსაზღვრამ შეიძლება პრობლემა შექმნას ტერიტორიის დაგეგმარების, სანიაღვრე წყლების მიმართულებისა და საპროექტო ნიშნულების დაცვისას. საძირკვლის ტიპის შესაფასებლად კი საინჟინრო გეოლოგიური კვლევაა საჭირო.
რაზეა დამოკიდებული გეოდეზიური მომსახურების ღირებულება
გეოდეზიური მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია ნაკვეთის ფართობზე, რელიეფის სირთულეზე, ტერიტორიის განაშენიანების სიმჭიდროვეზე, საჭირო სამუშაოს ტიპსა და მოთხოვნილ სიზუსტეზე. მარტივი ფორმისა და ვაკე რელიეფის ნაკვეთის აზომვა ნაკლებ რესურსს მოითხოვს, ვიდრე ფერდობზე მდებარე ან რთულად მისადგომი ტერიტორიის კვლევა.
ასევე განსხვავდება ტოპოგრაფიული აზომვის, დაკვალვისა და საშემსრულებლო სამუშაოების მოცულობა. ამიტომ საბოლოო ფასი კონკრეტული ობიექტისა და შესასრულებელი დავალების მიხედვით განისაზღვრება.
რატომ უნდა ჩატარდეს კვლევა მშენებლობის დაწყებამდე
მშენებლობის დასაწყისში მიღებული ზუსტი სივრცითი მონაცემები ამცირებს არასწორი დაგეგმარების, ნიშნულების შეცდომისა და შემდგომი გადაკეთების რისკს. გეოდეზიური კვლევა გუნდს აწვდის რეალურ მონაცემებს იმ ტერიტორიის შესახებ, სადაც სამუშაოები უნდა დაიწყოს.
გეოდეზიური კვლევა ხშირად მხოლოდ ერთ ნაწილია იმ სამუშაოებისა, რომლებიც პროექტის დაწყებამდე უნდა შესრულდეს. როცა პარალელურად საჭიროა ტექნიკური კვლევების, საპროექტო ეტაპებისა და დოკუმენტაციის კოორდინირება, საკონსულტაციო კომპანია “იეფესი” პროექტის მომზადების პროცესში სხვადასხვა მიმართულების შეთანხმებაში ერთვება.
პროფესიული გეოდეზიური მომსახურება მოიცავს ტოპოგრაფიულ და საინჟინრო გეოდეზიურ კვლევებს, დაკვალვით სამუშაოებს, სიმაღლური ნიშნულებისა და სივრცითი პარამეტრების კონტროლს, შესრულებული სამუშაოების გეოდეზიურ გადამოწმებასა და შესაბამისი ტექნიკური მონაცემების მომზადებას. სწორად დაგეგმილი კვლევები ქმნის იმ საწყის მონაცემებს, რომლებსაც მშენებლობის შემდგომი ეტაპები ეყრდნობა.
GE
EN