როგორ ვაკონტროლოთ სამშენებლო სამუშაოების ხარისხი ტექნიკური ზედამხედველობის დახმარებით




სამშენებლო სამუშაობების ხარისხის შემოწმება

მშენებლობის პროცესში თითოეული ეტაპი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ერთ ეტაპზე დაშვებული შეცდომა ხშირად მომდევნო სამუშაოებზეც აისახება, მოგვიანებით კი მისი გამოსწორება უფრო რთული ხდება. ამიტომ ხარისხი მხოლოდ დასრულებული ობიექტის დათვალიერებით არ უნდა შეფასდეს. შესრულებული სამუშაო უშუალოდ მშენებლობის პროცესშიც უნდა შემოწმდეს.

ტექნიკური ზედამხედველობის ამოცანაა, შეუსაბამობები მშენებლობის მიმდინარეობისას გამოავლინოს. ამისთვის სპეციალისტი ეცნობა საპროექტო დოკუმენტაციას, ობიექტზე ამოწმებს შესრულებულ სამუშაოს და შედეგებს წერილობით აფიქსირებს.

რას ამოწმებს სპეციალისტი სამშენებლო ობიექტზე

მშენებლობის ხარისხის კონტროლის კონკრეტული ამოცანები მიმდინარე სამუშაოს ტიპზეა დამოკიდებული. კონსტრუქციული ელემენტების მოწყობისას სპეციალისტი მათ მდებარეობას, ზომებსა და ნიშნულებს ნახაზს ადარებს. მაგალითად, ამოწმებს, სწორ ადგილას არის თუ არა სვეტი ან კედელი, დაცულია თუ არა საპროექტო ზომები და გათვალისწინებულია თუ არა შესაბამისი ღიობები.

ბეტონირებამდე მოწმდება არმატურის განლაგება, ღეროებს შორის დაშორებები, გადაბმები და დამცავი შრისთვის დატოვებული მანძილი. ყურადღება ექცევა ყალიბის გეომეტრიას და იმასაც, რამდენად მზად არის კონსტრუქცია ბეტონირებისთვის.

შემოწმება სამუშაოების თანმიმდევრობასაც ეხება. მომდევნო ეტაპის დაწყებამდე უნდა შეფასდეს, სათანადოდ არის თუ არა შესრულებული ის მოსამზადებელი სამუშაო, რომელსაც ახალი ეტაპი ეფუძნება.

რატომ არის მნიშვნელოვანი შემოწმების დრო

ამიტომ შემოწმების დრო წინასწარ, მშენებლობის გრაფიკისა და სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

მაგალითად, ბეტონის ჩასხმის შემდეგ არმატურის მდებარეობის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოებითაც შეიძლება. თუმცა არასწორად განლაგებული არმატურის გასწორებას შესაძლოა ბეტონის ნაწილის გახსნა ან დაშლა დასჭირდეს. ბეტონირებამდე ღეროები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია და ხარვეზზე რეაგირებაც ამ ეტაპზე უფრო მარტივია.

ჰიდროიზოლაციის შემთხვევაში გასათვალისწინებელია კონსტრუქციის მდებარეობა. გრუნტთან შეხებაში მყოფი საძირკვლის ან მიწისქვეშა კედლის ჰიდროიზოლაცია დამცავი ფენის მოწყობამდე და გრუნტის უკუჩაყრამდე მოწმდება. ამ დროს ფასდება ფენის უწყვეტობა, გადაბმები, კუთხეები და მილების გარშემო შესრულებული შეერთებები.

თუ პროექტით ჰიდროიზოლაცია ღიად რჩება, მისი შემოწმება დაფარვის ეტაპს აღარ უკავშირდება. აქ ყურადღება ექცევა მოწყობის სისწორეს და საპროექტო დეტალების შესრულებას, მათ შორის წყალმიმღებებთან და პარაპეტებთან შეერთების ადგილებს.

როგორ ფიქსირდება და სწორდება ხარვეზი

აღმოჩენილი შეუსაბამობა კონკრეტულად უნდა აღიწეროს. ზოგადი შენიშვნა, რომ სამუშაო უხარისხოდ არის შესრულებული, შემსრულებელს საკმარის ინფორმაციას არ აწვდის. ჩანაწერში უნდა მიეთითოს მონაკვეთის მდებარეობა, გამოვლენილი შეუსაბამობა. საჭიროების შემთხვევაში აღწერას ერთვის გაზომვის მონაცემები და ფოტომასალა.

თუ გამოსწორება საპროექტო გადაწყვეტის ცვლილებას მოითხოვს, საკითხი შესაბამის პირთან უნდა შეთანხმდეს. შესწორების შემდეგ სპეციალისტი იმავე მონაკვეთს ხელახლა ამოწმებს. ჩანაწერში აისახება, ხარვეზი სრულად აღმოიფხვრა, ნაწილობრივ გამოსწორდა თუ დამატებითი სამუშაოა საჭირო. მხოლოდ შემსრულებლის შეტყობინება სამუშაოს დასრულების შესახებ საკითხის მოგვარებისთვის საკმარისი არ არის.

დოკუმენტირება ნებისმიერი ზომის ობიექტზე მნიშვნელოვანია. დამკვეთს უნდა შეეძლოს ჩანაწერებით გადაამოწმოს, როდის გამოვლინდა პრობლემა, რა ღონისძიება შეთანხმდა და რა შედეგი აჩვენა განმეორებითმა შემოწმებამ.

რატომ არის ტექნიკური ზედამხედველობა მნიშვნელოვანი მშენებლობის მთელი პროცესის განმავლობაში

ხარისხის კონტროლი ერთჯერადი შემოწმებით არ სრულდება. მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ტიპის რისკები ჩნდება, ამიტომ ზედამხედველობაც პროცესს უნდა მიჰყვებოდეს.

მაგალითად, საწყის ეტაპზე მთავარი ყურადღება შეიძლება კონსტრუქციულ ელემენტებზე გამახვილდეს, მოგვიანებით კი ჰიდროიზოლაციაზე, საინჟინრო ქსელებზე ან მოპირკეთების სამუშაოებზე გადავიდეს. თითოეული მათგანი სხვადასხვა ტიპის შემოწმებას მოითხოვს.

თანმიმდევრული ზედამხედველობა დამკვეთს უფრო მკაფიო სურათს აძლევს იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობს მშენებლობა და სად არის საჭირო დამატებითი ყურადღება. ამ გზით ხარვეზები იმ ეტაპზე ვლინდება, როდესაც მათი გამოსწორება ჯერ კიდევ შედარებით მარტივია.

EFS-ის მშენებლობის ხარისხის კონტროლი და ტექნიკური ზედამხედველობა

საკონსულტაციო კომპანია „იეფესის“ ამ მიმართულების ძირითადი საქმიანობაა ობიექტზე შესრულებული სამუშაოს კონსტრუქციულ ნახაზებთან და სამუშაოს შესრულების მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის შემოწმება.

მომსახურება მიმდინარე სამუშაოების შეფასებას, გამოვლენილი ხარვეზების აღწერას, რეკომენდაციების მომზადებასა და შესწორებული მონაკვეთების გადამოწმებას მოიცავს.

კონკრეტულ პროექტზე შესამოწმებელი სამუშაოებისა და მომსახურების პირობების გასაცნობად დაუკავშირდით EFS-ის გუნდს საკონტაქტო გვერდის საშუალებით.